წერილი რედაქციას
- მაისი 11, 2020
ა.წ. 13-18 აპრილის „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა მედიცინის დოქტორის (როგორც გაზეთი გვაუწყებს – ჟენევაში შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის გლობალურ ფონდში მუშაობს) გიორგი შაქარიშვილის ინტერვიუ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების თაობაზე. არ შევეხებით ზოგადად ინტერვიუს, სადაც ე.წ. რესპონდენტი თავს იწონებს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკით „არასწორი“ ადმინისტრაციული და სტრატეგიული გადაწყვეტილებების გამო. შემდეგ, გარკვეულ აზრს გამოთქვამს ევროპაში ვირუსის გავრცელების თაობაზე და ქრესტომათიულ „რჩევებს“ იძლევა. ერთი სიტყვით, ინტერვიუს ავტორი გიორგი შაქარიშვილი აშკარად ვერ ამჟღავნებს იმ დონის პროფესიონალიზმს, რომ ვინმეს ჭკუა აწავლოს. მაგრამ ეს მისი საქმეა.
გიორგი შაქარიშვილი სრულიად გაუგებრად (არც ინტერვიუს კონტექსტში ზის) თავს დაესხა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, აკადემიური სექტორი მიიჩნია ინერტულად. პანდემიის პირობებში არჩევნების გადატანა არასწორად მიიჩნია და სისტემურ კრიზისად „მონათლა“. თანაც ბოლოს მედიდური დასკვნა გააკეთა – „მას საფუძვლიანი რეორგანიზება სჭირდება, რადგან ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც ამ დონის დაწესებულებას მოეთხოვება“.
ცხადია, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს. მაინც ისმის კითხვა – ვინ არის გ. შაქარიშვილი. იმ ჩამონათვალიდან, რომელიც გაზეთის კორესპონდენტმა ლ. პაპასკირმა წარმოადგინა, იგი შვეიცარიაში მოღვაწეობს. საინტერესოა ასე როდის ჩასწვდა აკადემიის საქმიანობას, როდესაც მას მეცნიერებათა აკადემიასთან არასდროს არავითარი კავშირი არ ქონია და წარმოდგენაც არ აქვს იქ რა ხდება (არც არავინ ავალდებულებს შვეიცარიაში მყოფ პიროვნებას აკადემიის საქმიანობის ცოდნას). მან უნდა იცოდეს, რომ აკადემიაში არსებობს მედიცინისა და ფიზიოლოგიის განყოფილება, რომლის შემადგენლობაში გამოჩენილი ქართველი მედიკოსები (მათ შორის გ. შაქარიშვილის მამა აკადემიკოსი რომან შაქარიშვილი) და ფიზიოლოგები შედიან, რომ აკადემიასთან ინტენსიურად მოღვაწეობენ სწორედ ვირუსოლოგიაში აქტიურად მოქმედი პიროვნებები: ამირან გამყრელიძე და თენგიზ ცერცვაძე, რომ აკადემიის პრეზიდუმმა არაერთხელ განიხილა ეპიდემიის (მომხსენებელი პროფესორი თ. ცერცვაძე) და ბიოლოგიური, ქიმიური და რადიაციული კატასტროფების პრობლემა და სათანადო წინადადებები წარუდგინა ხელისუფლებას.
რას შეეხება მეცნიერებათა აკადემიის გადაწყვეტილებას არჩევნების გადატანის თაობაზე (რაც „სისტემურ კრიზისად“ იქნა მიჩნეული), ეს შეესაბამება კორონავირუსის საკოორდინაციო საბჭოსა და პირადად პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას.
ამრიგად , საკითხი, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შეეხება, გვეჩვენება, რომ შეგნებულადაა დამახინჯებული, აქ კარგად ჩანს გ. შაქარიშვილის პროფესიული და მოქალაქეობრივი სახე.
ცნობისათვის: მეცნიერებათა აკადემიამ, შესაძლებლობების ფარგლებში, მატერიალური დახმარება გაუწია კორონავირუსის წინააღმდეგ არსებულ ფონდს (ამაში არ მიიღო მონაწილეობა აკადემიის ერთადერთმა წევრმა რ. შაქარიშვილმა). ამის შესახებ უნდა იცოდეს საზოგადოებამ.
ვთხოვთ გაზეთ „კვირის პალიტრის“ რედაქციას სიფრთხილით მოეკიდოს გაურკვეველი პირების მიერ ქვეყნის მაღალი ინსტიტუციების „ავტორიტეტული“ შეფასების საკითხს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეს სამსახური