თბილისის ურბანული ტყე
- აპრილი 28, 2021
2021 წლის 27 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მოეწყო ფონდის – „განვითარება და გარემოს“ წევრებთან შეხვედრა. სხდომა გახსნა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ: ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე და აკადემიის სხვა წევრები. მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა ფონდ „განვითარება და გარემოს“ თავმჯდომარე – თეიმურაზ ტყემალაძე. ამის შემდეგ კი, თბილისის ურბანული ტყის შესახებ და ამ ფრიად საინტერესო პროექტის ირგვლივ, ვრცლად ისაუბრეს – ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გოჩა კობერიძემ და გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი გოცირიძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ზოოლოგი, ეკოლოგიის მაგისტრი ნიკო ქერდიყოშვილი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი შალვა (ნუკრი) სიხარულიძე და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინა დანელია.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით და ფონდი „ქართუს“ სრული დაფინანსებით ფონდი „განვითარება და გარემო“ ახორციელებს თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენას და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს.
პროექტის მთავარი მიზანია მოხდეს არსებული ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევა, რაც გულისხმობს მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის შესაბამისი პროექტის მიხედვით განაშენიანება-რეაბილიტაციას.
საკვლევი არეალი მდებარეობს ქ. თბილისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და ფარავს დაახლოებით 677 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს კუს ტბისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე სივრცეებს, სამხრეთით კი ემიჯნება ოქროყანის დასახლებას.
საკვლევი არეალი მოიცავს იმ ტერიტორიებს, სადაც არ შედის კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებული ნაკვეთები და მოიცავს მხოლოდ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და სახელმწიფო საკუთრების მიწებს.
„თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები როგორც ტურისტული, ასევე სპორტული. ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის გათვალისწინებულ იქნება გზები სამთო ველოსიპედების, საცხენოსნო და სხვადასხვა დამატებითი სპორტული აქტივობებისთვის. მოეწყობა ძელ-სკამები, საპიკნიკე ადგილები, საჩრიდლობლები, ჩიტებზე დაკვირვების ქოხები, გარე განათების სისტემები. ამ ეტაპზე აღდგენილია 8 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკები. ამჟამად მიმდინარეობს 4 კმ-იანი ბილიკის რეაბილიტაცია.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, მთაწმინდის ფერდობზე ხე-მცენარეების ინტენსიური დარგვა მიმდინარეობს; გამწვანების აქციებში ოქროყანის, ტაბახმელას და სხვა მიმდებარე დასახლებების მაცხოვრებლები მონაწილეობენ.
პროექტის ფარგლებში კვლევები მიმიდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით – მწვანე ნარგავების ფიზიკური მდგომარეობის შეფასება/ენტომოლოგია, ბოტანიკა, ფიტოსანიტარია, ზოოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, გეოლოგია, გარემოს დაცვა/ეკოლოგია, ბილიკების დაგეგმარება, ტურიზმი, მიწათსაკუთრება, ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, არქიტექტურა.
შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია თბილისის ურბანული ტყის განვითარების შესახებ.