ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა
- ივლისი 1, 2021
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის“ წინაშე პროფესორმა შალვა გაბესკირიამ ისაუბრა თემაზე: „ტოპონიმ თბილისის ისტორიისა და წარმომავლობის შესახებ.“ მან აღნიშნა, რომ თბილისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მთელ მსოფლიოში. ქართლის ანუ იბერიის დედაქალაქის სახელის წარმოშობის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში ორი თვალსაზრისია გამოთქმული. უპირატესობა მიენიჭა ვერსიას, რომლის მიხედვითაც საქართველოს უძველეს სატახტო ქალაქს ეს სახელი გოგირდიანი თბილი (ძვ. ქართ. ტფილი) წყლების გამო დაერქვა.
შ. გაბესკირიამ სხვადასხვა ისტორიული და ენათმეცნიერული ფაქტების შესწავლის საფუძველზე გამოთქვა ეჭვი გაზიარებული ვერსიის შესახებ, რომელიც საქართველოს დედაქალაქის სახელწოდებას თბილ წყლებს უკავშირდება. ჩნდება კითხვები, როგორც წესი ტოპოფორმანტი ,,ისი“ ერთვის არსებით და არა ზედსართავ სახელებს. წყლის ტემპერატურასთან დაკავშირებით არ შეიძლება ყოფილიყო ტოპონიმები: ცხელისი, ცივისი, გრილისი.
საყოველთაოდ გაზიარებული შეხედულება პირველად სამეცნიერო ლიტერატურაში გერმანელმა ენათმეცნიერმა და მოგზაურმა ი. კლაპროთმა გამოთქვა 1823 წ. მკვლევრის თვალსაზრისი ბევრმა ქართველმა თუ უცხოელმა გაიზიარა. „ნამდვილად ტფილისის სახელწოდება იმ თბილი წყაროებისგან არის, რომლებიც ბლომად მოიპოვება ქალაქში…’’ (ა. შანიძე 1958), ტეფილისი>ტფილისი (ა. ჭკადუა1987).
ქართლის სამეფო ქალაქის სახელი რომ თბილს უკავშირდება, არ არის ასახული სამეგრელოსა და სვანეთში. ეს ზედსართავი გამოიყოფა ქართულ-ზანულ ტოპონიმ წყალტუბოში.
როგორც ცნობილია, ძველი ბერძენი მოგზაურები ზოგიერთ ქართულ სახელს თარგმნიდნენ კიდევაც ბერძნულ ენაზე, მათ შორის არის ქალაქის სახელები ცვარდციხე>როდოპოლისი, ეგრისის დედაქალაქი ნოქალაქევი>არქეოპოლისი.
თბილისის სახელწოდების შესახებ სხვა მოსაზრება ახ. წ. I საუკუნის ებრაელ ისტორიკოს იოსებ ფლავიოსს ეკუთვნის, რომლის თანახმადაც ბიბლიური გენეალოგიით ნოეს უმცროსი ვაჟის იაფეთის შვილმა „… თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ“ (გეორგიკა I 1961). ეს ვერსია საუკუნეების განმავლობაში სხადასხვა ქვეყნის მრავალმა მეცნიერმა გაიზიარა, თობელი >თობალისი>თბილისი (ს. გოგიტიძე 1998 ).
შ. გაბესკირიამ გამოთქვა განსხვავებული ვარაუდი, რომლის მიხედვითაც თბილისის სახელდებაში ბიბლიურ თობალ//თუბალზე მეტად ე.წ. გვიანხეთურ სამეფოთა გაერთიანების სახელი თაბალი არის საგულვებელი. ამ თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს ძველი ქართლის ქალაქების სახელთა თანხვდენას ხეთურ და შემდეგ შესაბამისად თაბალურ ოიკონინებთან. შდრ. ხეთების დედაქალაქის ხათური (პროტოხეთური) ფორმა ხათთუსი, რომელიც თბილისის მსგავსად გაუჩინარებულ საზღრულთან („ქალაქი“) ურთიერთობის გამო ნათესაობითი ბრუნვის ნიშნითაა წარმოდგენილი. ხათთუ ქართუს გადმოცემას უნდა წარმოადგენდეს.
ქართ-არმაზის მეორე წევრი ძველი იბერიის მთავარი ღვთაება არმაზი კავშირშია „მთვარისა“ და „მთვარის ღვთაების“ აღმნიშვნელ ხეთურ-ლუვიურ არმასთან.
ასევე საგულისხმოა ეთნონიმ მესხიდან წარმოქმნილ ოიკონიმ მცხეთის მსგავსება თაბალის ქალაქ მაზაკასთან.
განსახილველი საკუთარი სახელი ქიზიყსა და მესხეთში თუბალის და თუფალის ფორმით და მჭედლობის მფარველი ღვთაების მნიშვნელობით არის ჩაწერილი.
მეცნიერთა ნაწილის აზრით, ქალაქ უფლისციხის სახელწოდებაშიც თავკიდურ პოზიციაში თანხმოვანდაკარგული თუფალია.
ყურადღებას იქცევს სომეხ მემატიანეებთან დადასტურებული ფორმები თბილისის სახელები თფლიქ და ტფხიქ, რომლებშიც მრავლობითი რიცხვის მაწარმოებელ იქის ჩამოცილებით შეკუმშული ფორმით თფლ და ტფხ არის ამოსაცნობი, ეს უკანასკნელი ტფლ>ტფღ და შემდეგ ფ-ს მეზობლობაში დაყრუებული ხ-თი არის მიღებული.
ეთონიმთან დაკავშირებით განაალიზებულ თაბალის, რომელიც „ლითონმრავალი“ სპერის სემიტურ გადმოცემას უნდა წარმოადგენდეს, ნაირსახეობა თუბალ არაბულში, ხოლო სხვა ვარიანტი თობალ სპარსულში “წიდის“ მნიშვნელობით არის ცნობილი. მომხსენებელმა გამოთქვა აზრი, რომ სპერი ჰავილა ფორმით არის გადმოცემული ბიბლიაში, „მდინარე მოედინება ედემის ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი, ერთი სახელია ფიშონი, იგი, გარს უვლის ჰავილას ქვეყანას, სადაც ოქროა“ ( დაბადება 2:11-12).
სახელდებისდა მიუხედავად, ჩნდება კითხვა – როგორ მივიღეთ ძველი ქართული ფორმა ტფილისი? ენათმეცნიერებაში გაზიარებულია თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ხალხურმა ეტიმოლოგიამ ფართო გავრცელება ვერსად ისე ვერ ჰპოვა, როგორც ძველ ტოპონიმთა განმარტებაში. მომხსენებლის აზრით, თავდაპირველად იყო ციხე-ქალაქი თაბალისი>თბილისი, რომელსაც დაეფინა ზედსართავი ტფილი. ხსენებული ორი სიტყვის საკუთარი სახელისა და ზედსართავის კონტამინაციის შედეგად უნდა იყოს მიღებული ფორმა ტფილისი.
კომისიამ გადაწყვიტა მოხსენების ძირითადი შინაარსი, ეცნობოს სამეცნიერო წრეებსა და ამ თემით დაინტერესებულ პირებს.