მეცნიერების მსოფლიო დღე
- ნოემბერი 13, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ტრადიციისამებრ, ყოველი წლის 10 ნოემბერს, საზეიმოდ აღნიშნავს მეცნიერების მსოფლიო დღეს; არც წლევანდელი წელი ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი.
2001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის, ყოველწლიურად აღინიშნება 10 ნოემბერს მსოფლიოს მასშტაბით. ეს დღე დაარსდა მეცნიერების მსოფლიო კონფერენციის შედეგად, რომელიც ასევე „იუნესკოს“ ეგიდით ჩატარდა ბუდაპეშტში (უნგრეთი) 1999 წელს, მეცნიერების საერთაშორისო კავშირის მიერ. ყოველწლიურად ამ თარიღის აღნიშვნა ემსახურება იმ მიზანს, რომ გააცნოს საერთაშორისო საზოგადოებრიობას მეცნიერების როლის აუცილებლობა; ეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები, რათა მოქალაქეები ინფორმირებულები იყვნენ მეცნიერების განვითარების ამა თუ იმ საკითხებში. ამგვარად, მეცნიერების მსოფლიო დღე ეხმარება მეცნიერებს აჩვენოს ფართო საზოგადოებას რა ადგილი უკავია მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. დაარსების დღიდან, მეცნიერების მსოფლიო დღეს, ხორციელდება კონკრეტული პროექტები, რომლებიც გარკვეულ კავშირებს და ხიდებს ქმნიან მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის. ამ მოვლენის პარტნიორები არიან „იუნესკოს“ ეროვნული კომისიები, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული ასოციაციები და მეცნიერული კვლევის ცენტრები; ისინი ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ ამ ღონისძიების აღნიშვნაში და წარმატებასაც აღწევენ. ამგვარად, ეს დღე ემსახურება მეცნიერების გავითარების ეტაპების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის და მისი მნიშვნელობის წარმოჩენას. 2023 წელს, მეცნიერების მსოფლიო დღე „მეცნიერების მიმართ ნდობის ამაღლებას“ ეძღვნება.
საზეიმო ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მისალოცი წერილი გააცნო, ხოლო საქართველოს პატრიარქის მისალოცი წერილი ქართველ მეცნიერებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ წაიკითხა. გამომსვლელთა შორის იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, აკადემიკოსები: დავით გურგენიძე, თინათინ სადუნიშვილი და ვლადიმერ პაპავა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ აკადემიას საჩუქრად გადასცა ელექტრონული არითმომეტრი. ქართველ მეცნიერებს ეს დღე თავიანთი ვიდეო მიმართვით მიულოცეს აკადემიკოსებმა: მზექალა შანიძემ და დავით მუსხელიშვილმა. ღონისძიებაზე გაჟღერდა ასეთი მოსაზრება, რომ სამომავლოდ დაარსდება ქართველი მეცნიერის ეროვნული დღე.
ღონისძიების დაკვნით ნაწილში მოხდა გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიებით დაჯილდოება და საპატიო სიგელების გადაცემა.